ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ახალი წლის შემობრძანება კორპორაციული წვეულებით აღნიშნეს.
21 იანვარი 2020
ქირურგიის ეროვნული ცენტრი
კორპორაციული საღამო ტრადიციულად ახალი წლის დღეებში ტარდება და გასული წლის შემაჯამებელ საზეიმო ღონისძიებას წარმოადგენს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მთავარი კლინიკის და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ თანამშრომლები წელს რესტორან „ლისი პანორამაში“ მიიწვიეს. რესტორნიდან დედაქალაქზე უმშვენიერესი ხედი იშლებოდა. ინტერიერი ბუშტებით მორთეს, საახალწლო დიზაინით იყო გაფორმებული კლინიკის ბანერი.
სტუმრებს Giffer–ით სარგებლობა შეეძლოთ. თანამშრომლებმა სამახსოვროდ Gif ფორმატის არაერთი ფოტო გადაიღეს.
ძალიან კრეატიული იყო ტორტი. გემრიელ ბისკვიტს ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ექსტერიერის ფორმა ჰქონდა, ხოლო ეზო დეპარტამენტების უფროსებისა და კლინიკის ხელმძღვანელების მინი მოდელებით, ტკბილი ფიგურებით იყო გაფორმებული.
წვეულების უკლებლივ ყველა სტუმარს დიდი სიურპრიზი ელოდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში თანამშრომელთა გარეგნობასა და ხასიათს ეცნობოდა ცნობილი კარიკატურისტი ზალიკო სულაკაური. კარიკატურებმა თანამშრომლები ძალიან გაამხიარულა.
დამსწრე საზოგადოებამ ასევე იხილა საახალწლო კლიპი და ვიდეორგოლით შარშანდელი ღონისძიებაც გაიხსენა.
აღსანიშნავია, რომ სტუმრებს შემოქმედებითი ნიჭის რეალიზების საშუალება მიეცათ. დავალების მიხედვით, რამდენიმე საკვანძო სიტყვაზე დაყრდნობით, ექსპრომტად ლექსი უნდა დაეწერათ.
საზეიმო სუფრას უძღვებოდა ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ჩადუნელი. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა გელა გნოლიძე და ღამის შოუს ბენდი.
ყველა მოუთმენლად ელოდა დაჯილდოების ცერემონიალს. კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლაშა ბაზაძემ და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თეა გამეზარდაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში გასული წლის აქტივობა შეაჯამეს, კოლექტივს ახალი წელი მიულოცეს. კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ, ბატონმა ლაშამ და ქალბატონმა თეამ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დაასახელეს.
ფულადი ჯილდოთი დასაჩუქრდნენ:
ლია ცირეკიძე, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველაზე კოლეგიალური ექიმი;
ნანა თავამაიშვილი, კ. ერისთავის სახელობის პრემია – ამაგდარი თანამშრომელი;
საზღვარგარეთ იმოგზაურებენ შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულები:
გიგო ფიჩხაია, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველაზე მშრომელი ექიმი;
ბესიკ სოკურაშვილი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველაზე წარმატებული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
გიორგი ეგუტიძე, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველაზე კომპეტენტური ექიმი;
ირინა ჯოჯუა (კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კარდიოლოგი), პაციენტებისა და ავერსის ყველაზე დიდი გულშემატკივარი.
ავერსის კლინიკის რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია კურტანიძემ ავერსი ფიტნესის სასაჩუქრე ბარათები გადასცა ცენტრის თანამშრომელ ქალბატონებს: თეიკო ნინიაშვილს, თამარ ჩეჩელაშვილს, თამარ მეურმიშვილს და ანა შენგელიას.
კორპორაციულზე ქირურგიის ეროვნული ცენტრის 2020 წლის ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტულისთვის რამდენიმე ლამაზმანი იბრძოდა. საბოლოო ჯამში ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით, „მის ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ გახდა კლინიკის მულტიპროფილური დეპარტამენტის ექთნის დამხმარე ლიზა ბეჟუაშვილი.
ღონისძიებას აშუქებდა ტელეკომპანია Pulsi TV.
კორპორაციული საღამო ფოიერვერკით დაგვირგვინდა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
ახალი სიცოცხლე
წყარო: kirurgia.ge