ნახშირჟანგი (ნახშირბადის მონოქსიდი, მხუთავი აირი) ნახშირბადის არასრული წვის შედეგად წარმოიქმნება.
13 მარტი 2018
ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გროვდება ცუდად ვენტილირებულ და უვენტილაციო შენობებში არაელექტრული გამათბობელი ხელსაწყოების (ღუმელის, ნავთქურის) ხანგრძლივი გამოყენების, დახურულ ავტოფარეხში ან ავტომანქანაში შიდაწვის ძრავის გამონაბოლქვის დაგროვების შედეგად, ხანძრის დროს და სხვა.
ბავშვები და მოხუცები მის მიმართ გაცილებით მგრძნობიარენი არიან, უფრო მალე იწამლებიან და მოწამვლაც უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ორსულთათვის CO ტერატოგენურია, მნიშვნელობა აქვს ორსულობის ვადას (I ტრიმესტრი). ნახშირჟანგი ორსულობის ბოლო თვეებში ნაყოფის სიკვდილს იწვევს.
მხუთავი აირის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი–ტოქსიკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ეკა ქურდაძე.
– ქალბატონო ეკა, ნახშირჟანგი უსუნო, უფერო აირია. რა სიმპტომები ვლინდება ადამიანში ამ აირით ინტოქსიკაციის დროს?
– პაციენტს მოწამვლის დროს არ აქვს უსიამოვნო შეგრძნება, საკმაოდ ხშირია ეიფორიის მდგომარეობა. საშიშროების სიგნალის (ჩივილის) არარსებობა, ხშირად ხდება ნახშირჟანგით ინტოქსიკაციის მსხვერპლთა დაღუპვის მიზეზი. სწორედ ამიტომ ამ მომწამვლავ ნივთიერებას ხატოვნად უწოდებენ უხილავ მკვლელს. ინტოქსიკაციის სიმძიმიდან გამომდინარე პაციენტი შეიძლება უჩიოდეს თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, გულისრევას, ღებინებას, გულის ფრიალის შეგრძნებას, ტკივილს გულმკერდის არეში, ყურებში შუილის შეგრძნებას. მოსალოდნელია ცნობიერების დათრგუნვა, კრუნჩხვა, ჰალუცინაციები, მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები. ამ დროს პაციენტისთვის დამახასიათებელია მკვეთრი ვარდისფერი ლოყები. თუმცა ხშირად პაციენტი ამ ჩივილებს არ უკავშირებს CO–თი მოწამვლას.
– პირველი დახმარება ნახშირჟანგით ინტოქსიკაციის დროს.
მინდა მკითხველს განვუმარტო, რომ ბუნებრივი გაზი უნდა იწვოდეს ცისფერი ალით. ჟანგბადის ნაკლებობის შემთხვევაში ალი წითელია, რაც იმის მანიშნებელია, რომ მიმდინარეობს არასრული წვა, რის შედეგადაც გამოიყოფა მომწამვლელი აირი ანუ ნახშირბადის მონოქსიდი.
– რა განსხვავებაა მხუთავი აირით მოწამვლასა და ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეულ პრობლემებს შორის?
– აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული საფრთხე ორი ტიპისაა, შესაძლოა ადამიანი მოიწამლოს და გაიგუდოს, ასევე შეიძლება დახურულ სივრცეში დაგროვილმა აირმა აფეთქება გამოიწვიოს.
– როგორ მკურნალობთ ნახშირჟანგით მოწამვლას ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?
– მოგეხსენებათ, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი მრავალპროფილური კლინიკაა, შესაბამისად, ყველა სერვისი ერთ სივრცეშია გათავსებული. გვყავს სპეციალისტთა გუნდი, რომელსაც დროულად შეუძლია დიაგნოსტირება და კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა, რომლის წყალობითაც მინიმუმამდე მცირდება გართულების რისკი. გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა (მაღალტექნოლოგიური კვლევები), რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მოსალოდნელ გართულებათა პრევენცია.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25;
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ექიმ–ტოქსიკოლოგს ეკა ქურდაძეს ნომერზე: 577 11 86 91;
გისურვებთ ჯანმრთელობას!
ტოქსიკოლოგია
წყარო: kirurgia.ge