ქირურგიის ეროვნულ ცენტრს ეწვია თურქეთში მდებარე ერთ–ერთი პრესტიჟული კლინიკა „აჯიბადემის“ პროფესორი, ცნობილი ჰემატოლოგი სირეტ რატიპი.
21 აპრილი 2018
ქირურგიის ეროვნული ცენტრი
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში უახლოეს მომავალში იგეგმება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია და სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე თვის წინ, „აჯიბადემის“ კლინიკას სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ჩადუნელი და კლინიკის ჰემოფილიისა და თრომბოზის ცენტრის ხელმძღვანელი, ჰემატოლოგი ლევან მახალდიანი. ბატონი სირეტის ვიზიტიც სწორედ ამ შეხვედრაზე დაიგეგმა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში პროფესორმა წარმოადგინა პრეზენტაცია ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შესახებ. ბატონ სირეტს ქირურგიის ეროვნული ცენტრის ისტორიული წარსულის და კლინიკაში ჰემატოლოგიის მიმართულების შესახებ ინფორმაცია გააცნო ბატონმა ნიკოლოზ ჩადუნელმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები, ასევე სხვა კლინიკებიდან მოწვეული ამ დარგის სპეციალისტები. პრეზენტაციის შემდეგ პროფესორი ონკოჰემატოლოგიურ პაციენტებს შეხვდა.
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია სხვადასხვა სერიოზული დაავადების მკურნალობის ერთ–ერთი ფართოდ გამოყენებადი მეთოდია, რომელიც დაზიანებული უჯრედების ახალი და ჯანმრთელი უჯრედული მასით ჩანაცვლების შესაძლებლობას იძლევა. ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაცია გულისხმობს დაზიანებული უჯრედების მოცილებას და მათ ჩანაცვლებას ახალი, ჯანმრთელი ქსოვილით.
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დროს შესაძლებელია როგორც აუტოლოგიური (საკუთარი), ისე ალოგენური (ნათესაური) და ჰაპლოიდენტური ღეროვანი უჯრედების გამოყენება.
აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჰემატოლოგიის დეპარტამენტი კლინიკის დაარსების დღიდან წარმატებით ფუნქციონირებს. ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის დაავადებათა დეპარტამენტში ისეთ ურთულეს პათოლოგიებს მკურნალობენ, როგორიცაა მწვავე და ქრონიკული ლეიკემიები, არაჰოჯკინის და ჰოჯკინის ლიმფომა, მიელომური დაავადება, ანემიები, თრომბოციტოპენიური პურპურა, კოაგულოპათიები და სხვა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის დაავადებათა დეპარტამენტი სრული დატვირთვით მუშაობს და უამრავი მადლიერი პაციენტი ჰყავს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი : ქალაქი თბილისი , დიღომი , ჩაჩავას N5;
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ – ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25;
გისურვებთ ჯანმრთელობას!
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია
სისხლის დაავადებათა დეპარტამენტი
წყარო: kirurgia.ge