ქირურგიის ეროვნული ცენტრის კორპორატიულ საღამოს კაჭრეთის „ამბასადორმა“ უმასპინძლა.
20 თებერვალი 2017
წვეულებაზე მისულ სტუმრებს სიურპრიზი დახვდათ – სცენა საზეიმოდ იყო მორთული ფოტოსურათებით, სადაც თითოეული თანამშრომლის შრომის პროცესი იყო ასახული. ფოტოკოლაჟზე იხილავდით ყველა თანამშრომელს, – ექიმებს, ექთნებს, ტექნიკურ მუშაკებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.
კომპანია „ავერსის“ დამფუძნებლის, ბატონ პაატა კურტანიძის, ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ბატონ ლაშა ბაზაძისა და ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ქალბატონ თეა გამეზარდაშვილის მისალმების შემდეგ გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები, რომლებიც ფულადი ჯილდოთი და მოგზაურობით დააჯილდოვეს.
გამარჯვებულები არიან:
თინათინ გიორგაძე – ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხარისხის სამსახურის ყველაზე გამოცდილი თანამშრომელი
სერგო ციცხვაია – ქირურგიის ეროვნული ცენტრის დამსახურებული თანამშრომელი
სოფიო გუდავა – ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველაზე მშრომელი ექიმი
ნანა სადუნაშვილი – ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველაზე მოთხოვნადი ექიმი
ეკატერინე ნეფარიძე – ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველაზე სწრაფად მზარდი დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მაია ბეჟანიშვილი – ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველაზე რენტაბელური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მიშა შალამბერიძე – პაციენტებისა და ავერსის ყველაზე დიდი გულშემატკივარი
მარიამ წერეთელი – „მის ქირურგიის ეროვნული ცენტრი“
საზეიმო სუფრას უძღვებოდა კახეთის კოლორიტი და ცნობილი მსახიობი, ვანო იანტბელიძე. კორპორატიული საღამო ცეკვისა და სიმღერის ნომრებით იყო გაჯერებული, რომელიც ჩვენი კლინიკის თანამშრომლებმა წარმოადგინეს.
წვეულებას მუსიკალურად აფორმებდა ანსამბლი „მეტეხი“. მათ მაყურებელი ყველასთვის საყვარელი სიმღერებით გაანებივრეს. კონცერტის წყალობით კორპორატიული საღამო ლამაზი, საინტერესო და ემოციურად დატვირთული გამოვიდა.
სპეციალურად ღონისძიებისთვის შეიქმნა კლიპი, რომელიც ქირურგიის ეროვნული ცენტრის ერთგვარ მემატიანედ დარჩება. კლინიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა შეაჯამეს გასული წლის აქტივობა და ისაუბრეს დეპარტამენტის სამომავლო სტრატეგიაზე.
წვეულება გრანდიოზული ფოიერვერკით დაგვირგვინდა.
ავტორი ეკატერინე ციცხვაია
წყარო: kirurgia.ge